Fish's Blog

“არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს” – მათე 10. 26

Posted on: October 4, 2020

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების გაცნობა მომიწია. თავისთავად ყველა ადამიანი ინდივიდია და განსხვავებული, თუმცა დღეს სრულიად სხვა რამეზე მინდა დავწერე. დღეს მინდა არა ინდივიდზე არამედ ჯგუფებზე დავწერო, კლასტერებზე – ერთმანეთისგან განსხვავებულ საზოგადოებებში თანამცხოვრებ საერთო შეხედულებების მქონე ადამიანთა ჯგუფებზე. ეს ჯგუფები კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მენტალიტეტით, შეხედულებებით, მორალით. ცხოვრობენ საერთო დროსა და სივრცეში, ერთი მთლიანის ნაწილი არიან, თუმცა ამ მთლიანს – სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ.

საერთო შეხედულებების მქონე ადამიანები ერთმანეთს რომ უახლოვდებიან და საერთო წრეს აყალიბებენ ეს არახალია. თუმცა ერთი რამ შევნიშნე და არ მომეწონა, სწორედ ამაზე მინდა დავწერო. ჩემთვის მიუღებელია როცა ერთი წრე სხვაზე პრივილეგირებულად მიიჩნევს თავს. მიუღებელი არა – უფრო გასაკვირი. სრულიად არ მესმის როგორ შეიძლება ასე ჩაიკეტო ამ ერთ წრეში და ფიქრობდე რომ იმის იქით ყველა და ყველაფერი შენზე დაბალი დონისაა?! ნუთუ ცხოვრება იმით არ არის საინტერესო რომ ყველანი ერთნაირები არ ვართ?! ეს ჩაკეტვა ხომ თავისუფლებაზე უარის თქმაა. ინდივიდუალობის დაკარგვაა, ვინაიდან ასეთ დროს ცდილობ წრის საერთო სახეს შეესაბამებოდე. რატომ უნდა გინდოდეს მოიაზრებოდე რომელიმე წრის წევრად, როცა შენ ინდივიდი უნდა იყო, თავისუფალი არსება, თავისუფალი წინასწარ გაწერილი დოგმებისგან: რა არის სწორი და რა არასწორი; რისი კეთება, ჩაცმა, ჭამა…. არის მიუღებელი (“სიგოიმე”) და რისი არა. როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს წაართვა თავისუფლება და გახდე დამოკიდებული სხვის აზრზე, იცხოვრო წრეში და წრეზე, არ გაატარო შენი მოსაზრებისგან განსხვავებული აზრი შენს გონებაში. აი სწორედ ამას ვაკეთებ ახლა ვცდილობ ჩემს გონებაში გავატარო აზრები და ფრაზები რაც დამამახსოვრდა და რამაც დამაფიქრა. მიზანი სხვისი განკითხვა არ არის, მიზანია გავიგო ჩემგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მოტივი, რა ახდენს გავლენას ამ აზრის ჩამოყალიბებაზე და ა.შ.

განსაკუთრებით დამაფიქრა ფრაზამ: “ტიპები საერთოდ სად არიან ვერც ხვდებიან.” სწორედ ამ ფრაზის გაგონების შემდეგ მივხვდი რომ სამყაროში, დროის და სივრცის ამ კონკრეტულ წერტილში ყველა თავის წრეშია მოქცეული და ამ წრის გარეთ მათთვის სამყარო სრულდება. მათი აზრით ამ წრის იქით მოქცეული ადამიანები გაფანტულნი არიან სივრცეში – “ვერც კი ხვდებიან სად არიან”, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ეს სხვა ადამიანებიც თავიან წრეებში არიან მოქცეულნი. არსებობენ ისეთებიც რომლებიც ინდივიდებად რჩებიან და საკუთარი ინდივიდუალური მსოფმხედველობით განაგრძობენ ცხოვრებას. და კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ზემოდან დაჰყურებენ მთელს სივრცეულს დროის ამ კონკრეტულ მომენტში და ხედავენ სივრცეში გაფანტულ წრეებს. საბოლოო ჯამში მართლაც ვერავინ ვხვდებით სად ვართ. სამყარო კი იტევს ყველა ამ წრეს და იმაზე ბევრად მეტს რასაც ჩვენი გონება ჯერ ვერ წვდება.  რაც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით დაფარულია, თუმცა “არაფერია  დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს”. 

Leave a comment

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com