Fish's Blog

არ იტკინო!

Posted on: August 19, 2021

არ იტკინო! – რამდენჯერ გაგვიგია ეს ფრაზა მშობლებისგან, ან უცხო ადამიანებისგან სათამაშო მოედანზე თუ ქუჩაში. ერთი შეხედვით მზრუნველობით აღსავსე ფრაზაა, არცერთ მშობელს სურს მისმა შვილმა რამე იტკინოს. თუმცა რამდეიმე თვის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისას გაგებულმა ამ ფრაზამ, ფილოსოფიური აზრები აღმიძრა.

თუკი არ იტკენ, ხომ ვერ გაიგებ რა არის ტკივილი. თუკი არ შეცდები, ხომ ვერ გაიგებ რას ნიშნავს შეცდომის დაშვება. თუკი არ გაბედავ და არ გააკეთებ, ხომ ვერასდროს ისწავლი. შიშით ხომ ვესადროს წახვალ წინ და მხოლოდ ერთ ადგილას დარჩები.

რამხელა მნიშვნელობა აქვს როცა მშობელი ან უბრალოდ გულშემატკივარი გაძლიერებს და გეუბნება “მიდი გააკეთე!” ნაცვლად იმისა რომ გითხრას “არ გააკეთო! არ იტკინო!”. 

მართლია მათ ამ სიტყვებში, მხოლოდ სიკეთეა, მათ უბრალოდ არ სურთ მათმა საყვარელმა ადამიანმა შეცდომა დაუშვას და იტკინოს. თუმცა ასეთი დამოკიდებულება, მხოლოდ და მხოლოდ დათვური სამსახურია და არა ნამდვილი დახმარება. სწორედ, ასეთ უბრალო ფრაზებზეა დამოკიდებული ადამიანის ჩამოყალიბება. ჩვენმა დაუფიქრებელმა ფრაზამ შეიძლება პიროვენების მსოფმხედველობა შეცვალოს; განაპირობოს რამდენად გამბედავი იქნება, რამდენად არ შეუშინდება ტკივილის შეგრძნებას. ტკივილს ხომ ყოველთვის შვება მოჰყვება. ხოლო შვებას გადატანილი ტკივილის გარეშე არ აქვს ფასი! 

რამდენიმე ფილმი მახსენედება, სადაც კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა აქვს შვილისთვის თავისუფლების მინიჭებას, გადაწყვეტილებების თავად მიღების საშუალიების მიცემას მშობლის მიერ. ჰაიაო მიაძაკის ფილმში Kiki’s delivery service მშობლები უშვებენ თავიანთ 13 წლის გოგონოს კატასთან ერთად წარმოუდგენელ მოგზაურობაში მფრინავი ცოცხით. ერთი შეხედვით მართლაც წარმოუდგენელი უტოპიაა, მაგრამ ეს ხომ ფილმია, თანაც ანიმე. თუმცა ამ ფილმში დასმული აქცენტები, მეტად ყურადსაღები და ხაზგასასმელია, განსაკუთრებით მშობლებისთვის. 

მისცე საკუთარ შვილს თავისუფლება იმისა რომ შეცდომები დაუშვას, ისწავლოს, თავის სისუსტები აღმოაჩინოს და დასძლიოს, ამაზე კარგ სამსახურს ვერცერთი მშობელი ვერ გაუწევს საკუთარ შვილს. რა თქმა უნდა მშობლისთვისაც მტკივნეულია, შვილის გაშვება, თუმცა ამით ხომ მშობელიც იზრდება და სწავლობს რომ მისი შვილი არა მისი საკუთრება არამედ, ინდივიდია, პიროვნებაა. სწორედ ასეთი ძლიერი მშობლების შვილები იზრდებიან ძლიერ პიროვნებებად.

მახსენდება კიდევ ერთი ანიმე Ponyo – სადაც, მთავარი პერსონაჟი მამის დაუკითხავად გაიქცევა სახლიდან სამყაროს შესაცნობად. ბევრი ფათერაკების შემდეგ გოგონა პიროვნულად იზრდება და სამყაროს სულ სხვაგვარად აღიქვამს. 

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ, თავისი შეუდრეკელი სიმამაცით ის თავისი მამის დამოკიდებულებასაც კი ცვლის და სამყაროს სულ სხვა პერსპექტივიდან აჩვენებს. 

ასე რომ შვილებს არანაკლები ვალი აკისრიათ, მშობლებს გაუხსნან ახალი ხედვა და დაანახონ სამყარო იმ მხდიდან საიდანაც მათ ჯერ ის არ უნახავთ. 

ზოგადად ამ ფილმში ძალიან საინტერესო აქცენტებია უფროსების დამოკიდებულებაზე ბავშვების მიმართ, ნამდვილი გემის კაპიტანი თავის თანასწორად აღიქვამს 5-6 წლის ბიჭუნას რომელიც სათამაშო გემის კაპიტანია, უფროსები ბავშვებს ექცევიან როგორც პიროვნებებს და ესაუბრებიან მათ როგორ თანატოლებს და არა როგორც ბავშვებს. ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება მეტად მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდამ რათა ბავშვმა გაითავისოს, რომ ის დამოკიდებელი პიროვნებაა.

გირჩევთ ნახოთ ეს ფილმები, რომელთა ნახვა არა მხოლოდ ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ აზრებს აღგიძრავთ, არამედ უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. 

Leave a comment

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com