Fish's Blog

ტრამალის მგელი

Posted on: July 14, 2022

დიდი ხანია მინდოდა ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელის წაკითხვა და როგორც იქნა მოვახერხე, ალბათ სწორედ ახლა იყო მისი დრო ჩემს ცხოვრებაში. თუ ჩემს ბლოგს გადახედავთ მიხვდებით რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემებია დრო და საკუთარი მეს ძიება. ამ ნაწარმოებში მხატვრულად არის ნაჩვენები ის თუ როგორ ვირგებთ ადამიანები სხვადასხვა როლს სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში. მაგიურ თეატრში მოგზაურობით ნაწარმოების მთავარი გმირი რწმუნდება რომ მასში უამრავი მე არსებობს. დარწმუნებული ვარ ყველას გვითქვამს გადატანითი მნიშვნელობით რომ მსახიობები ვარ ამ ცხოვრებაში. პერმან ჰესემ კი ეს პირდაპირ გვითხრა, და მიუხედავად იმისა რომ მაგიური თეატრი მართლაც და მაგიური და სიურეალისტურია, ის მაინც ყველაზე ნამდვილ ადგილად მეჩვენება მთელს ნაწარმოებში.

წიგნის სტრუქტურაზე და შინაარსზე წერით თავს არ შეგაწყენთ, მინდა ჩემს შთაბეჭდილებებზე მოგიყვეთ და იმაზე თუ როგორ დავინახე მე ეს ნაწარმოები. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საუკეთესო წიგნია იმისთვის რომ ფიქრისაკენ გიბიძგოს, პირველად გამიჩნდა სურვილი წიგნი მეორეჯერ წავიკითხო.

საინტერესოდ არის წარმოჩენილი ადამიანის პიროვნების მრავალ შრიანობა და უამრავი მეს არსებობა თითოეულ ფიზიკურ პიროვნებაში. სიურეალისტური თუ მაგიური ეპიზოდები თუ მხატვრული სცენები არის  ის რაც ასე ძალიან მიზიდავს წიგნებში თუ ფილმებში. ყველაზე მეტად კი ის მომეწონა რომ სევდიანი განწყობის და ტრაგიზმის მიუხედავად იგრძნობა უდიდესი იმედი მომავლისა, იმისა, რომ დანებება არასდროს არის გამოსავალი და მუდამ უნდა იბრძოლო და გარდაიქმნა, გაიზარდო და განვითარდე. ამისთვის კი ძალები პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იპოვო.

ჩემი ხედვით ადამიანის გარდაქმნა, უკეთესობისკენ შეცვლა, მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია, საკუთარ თავში აღმოჩენილ ახალგაზრდა მეს, რომელიც მზად არის ცვლილებებისთვის და თვით ცხოვრებაზეა შეყვარებული. 

ჰერმინეში ჰარი ხედავს თავის ძველ ახალგაზრდობის მეგობარ ჰერმანს. შეიძლება ვივარაუდოთ  რომ ჰერმანი შესაძლოა ჰარის ერთ-ერთი მე იყოს, ახალგაზრდობის ანარეკლი. ჰერმინე ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰარის ცხოვრებაში, ის გადაარჩენს მას თვითმკვლელობისგან, ის აყვარებს ცეკვას და უბიძგებს ცხოვრების სიყვარულისკენ. ჰერმინეს მთავარი მისია კი თავიდავნე ცნობილია – მან თავი უნდა შეაყვაროს ჰარი ჰალერს და შემდეგ მისი ხელით იქნას მოკლული. 

ჰარი ჰალერმა თითქოს თავის ახალგაზრდა მე იპოვა ჰერმინეს სახით და სწორედ მისმა მემ იხსნა სიკვდილისგან და ცხოვრების ხელახლა დაწყებისკენ უბიძგა. ჰარი კლავს ჰერმინეს მის ერთ-ერთ მეს ვინაიდან მას ის აღარ სჭირდება, ჰერმინემ თავისი მისია შეასრულა – ჰარის სასიცოცხლო ძალა აპოვნინა.

ალბათ, ისევე როგორ ჰარი ჰალერმა ჰერმან ჰესემაც იპოვა თავის თავში ახალგაზრდა ჰერმანი და სწორედ მან გადაარჩინა სიკვდილს, ძალა შეჰმატა და აქცია მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანად. ჩემი ხედვით, ამ ნაწარმოებით ჩვენთვისაც უნდოდა გაეზიარებინა რომ ჩვენ უსაზღვრო შესაძლებლობების პატრონები ვართ, მთავარია ამის დანახვა შევძლოთ საკუთარ თავში.

Leave a comment

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com